პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება

სიდა, დაინტერესებულ მხარეებს (ბიზნესი, სამოქალაქო ორგანიზაციები, მთავრობა) შორის, საერთაშორისო კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს.

ჩვენი ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს საქართველოში ორი კორპორატიული მდგრადობის პლატფორმას - კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი. ორივე პლატფორმა აერთიანებს ბიზნესის და არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს. 

CSR კლუბი 2015 წლის მაისში სიდას და ადგილობრივი PR და მარკეტინგული კომპანია ჯეპრას ინიციატივით დაფუძნდა. ამჟამად, CSR კლუბში 80 წევრია. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი  2016 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და ამჟამად 33 წევრს აერთიანებს. საქართველოს ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქსელებთან მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ევროპის ქსელებთან.

სიდას ორგანიზებითა და ინიციატივით პერიოდულად იმართება სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა ტრენინგები, ინდივიდუალური კონსულტაციები, თემატური დისკუსიები, კონფერენციები და სემინარები, რომლებიც მიზნად ისახავენ ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების სტანდარტების შესახებ. სიდა კოორდინაციას უწევს ორ სამუშაო ჯგუფს - ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში და ინკლუზიური ბიზნესის ხელშეწყობა უნარშეზღუდულ პირთა დასაქმების მიზნით. სიდას ძალისხმევით ბიზნეს სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობა დღითიდღე უმჯობესდება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ერთობლივი მდგრადი რეგიონული პროექტების განხორციელებას.

სიდა არის საქართველოს მთავრობის ძირითადი პარტნიორი და მრჩეველი ქვეყანაში პოლიტიკის დონის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016-2017 წლის საქართველოს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში დაემატა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თავი.