წამყვანი კომპანიები ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას უერთდებიან

01.12.2017

1 დეკემბერს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია ,,ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში. კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივების განხორციელებას და მას ბიზნეს სექტორის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე, შვიდმა ბიზნეს კომპანიამ რომელმაც გასულ წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) წარადგინა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას წელს კიდევ შვიდი კომპანია შეუერთდა, რომლებიც მომავალი წლიდან აქტიურად წაახალისებენ გენდერულ თანასწორობას და არადისკრიმინაციულ მიდგომას დასაქმების ადგილას.

,,საქართველო დინამიური ქვეყანაა. ბოლო წელს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება წარმოუდგენელია ბიზნესში ქალთა ჩართულობის გარეშე. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება გახდება შთაგონება სხვა კერძო კომპანიებისთვისაც, რომ შეუერთდნენ ჩვენს ინიციატივას.“- განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ.

პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების სია ასე გამოიყურება: აჭარა ჯგუფი, ჯეოსელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ჯეპრა, მისო ,,კრისტალი“, m2, PMO Business Consulting, დიო, მთარგმნელობითი აპარატურა პლუსი, Accor Group, ბიაიჯი. ორიენტ ლოჯიქი, Impact Hub და Profit Lab)

,,ერთი წლის თავზე, კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა, თუმცა ამ მიმართულებით გაცილებით მეტია სამუშაო. ,,სიდა“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას, რათა გაზარდოს მათი ინტერესი ქალთა გაძლიერების მიმართულებით.“ ამბობს ,,სიდას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი.

სიდას აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: სხვა