კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

06.11.2020

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები 6 ნოემბერს გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაჯილდოვდნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საკონკურსო მასალები მოამზადეს.

ცერემონიის ბოლოს გამოვლინდა SDG პიონერი - ლიდერი, რომელიც წარმოადგენს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრ კომპანიას და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას, გლობალური მიზნების ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრაციით.

ნომინაციები და გამარჯვებულები:

• სიღარიბის აღმოფხვრა - აჭარა ჯგუფი
• ხარისხიანი განათლება - სილქნეტი
• ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ეფეს საქართველო
• მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა - ალდაგი
• გონივრული მოხმარება და წარმოება - კრისტალი
• პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - HG, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, უკეთესი მომავლისთვის
• მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის - ოლიკო ცისკარიშვილი (ეკოფაქტი), ეკა გაზდელიანი (საზოგადოებრივი მაუწყებელი).
• SDG პიონერი - ვალერი ჩეხერია (აჭარა ჯგუფი).

წელს, კონკურსზე 70-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შეაფასა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო განკუთვნილია ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას აძლევს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.



კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა