სიდას ახალი დირექტორი ღია კონკურსის პირობებით აირჩევა

22.03.2018

2018 წლის 22 მარტს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას გამგეობის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, გამგეობის წევრებმა აღმასრულებელი დირექტორის შეცვლის საკითხიც განიხილეს. გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: სოფიკო შუბლაძე (გამგეობის თავმჯდომარე), კონსტანტინე მაღრაძე, ზურაბ ვასაძე, აგიტ მირზოევი და თამარ გერმანაშვილი.

სიდას გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს.

გამგეობის წევრებმა, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და საზოგადოებაში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, სიდას სამომავლო განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამგეობის წევრებთან ერთად, მხარდამჭერი და პარტნიორი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

გამგეობის წევრების განცხადებით, სიდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გამოცდილი და ეფექტიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, საჯარო პოლიტიკის მონიტორინგის, კორპორაციული პასუხისმგებლობის თუ სხვა მიმართულებებით. მას ჰყავს პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალი. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების და მიმართულებების შენარჩუნება და ტრანზიციის პერიოდის უმტკივნეულოდ გავლა.

კატეგორია: სხვა