მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი ინიციატივა

02.03.2018

თელავში და ქობულეთში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი ინიციატივის“ (FASSI) ფარგლებში, რეგიონული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული განვითარების და შესაძლებლებობების გაძლიერების ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებში 40-მდე დარგობრივმა ასოციაციამ და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგების მიმდინარეობისას, მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარ-ჩვევები ორგანიზაციული მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ადვოკატირების და დაფინანსების მოძიების/დივერსიფიცირების მიმართულებით. აღნიშნულ ტრენინგებს, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, სიდას პროექტის მენეჯერი შორენა მეგრელიშვილიც დაესწრო და მონაწილეებს ადვოკატირების მიმართულებით სიდას გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა. მისი განცხადებით „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი ინიციატივა“ თავისი მასშტაბის და სამიზნე ჯგუფიდან (ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები) გამომდინარე უპრეცენდენტო პროექტია, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული ბიზნეს-ასოციაციების გაძლიერებასა და შემდგომ, მათი მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დახმარებასა და განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში სიდა განახორციელებს მცირე საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებში ტრენინგში მონაწილე 10-მდე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტების, წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების, ორგანიზაციული გაძლიერების და სხვა ინიციატივების განსახორციელებლად.

„სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდამჭერი ინიციატივა“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ხორციელდება და მისი პარტნიორები არიან სიდა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ექსპორტის განვითარების ასოციაცია და ასოციაცია „ათინათი“.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება