თანამშრომლობის რა პოტენციალი არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში_კვლევის შედეგები

05.11.2018

პროექტის, ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში ჩატარდა საბაზისო კვლევა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და იმ ფორმალური თუ არაფორმალური ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც აბრკოლებენ სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობას. კვლევის ფარგლებში მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმის განვითარებისა და სამიზნე რეგიონებში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ძლიერი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებისთვის.

საბაზისო კვლევის ძირითადი მიგნებები:

• აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შედეგიც არის  ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში განხორციელებული სტრატეგიული პროექტები. მიუხედავად ამისა, ქვეყნებს შორის  ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული;
• საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ერთმანეთთან და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო  რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. აღნიშნული ფაქტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი რესურსების გაერთიანებით მოახდინონ ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება და გააფართოონ ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა;
• საზღვრისპირა რეგიონებს შორის არ არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს მაღალი ინტერესი და სურვილი მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების, მათი საექსპორტო შესაძლებლობები შეზღუდულია;
• საწარმოო პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია, რაც ამცირებს სექტორის პროდუქტიულობას და ადგილობრივ პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის საექსპორტო ბაზრებისთვის;
• ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით რეგიონები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დედაქალაქს. აღნიშნული საკითხი, როგორც აზერბაიჯანში ასევე საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს;
• როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობა და საცალო ვაჭრობა რეგიონის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ანგარიში მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთით 2018 წლის მაისი-ივნისის თვის პერიოდში. ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) აზერბაიჯანი-საქართველოს პროგრამის ფარგლებში. ანგარიშის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია სიდა, პროექტის პარტნიორებთან ერთად.



კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა