სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა ქართველი და აზერბაიჯანელი მეწარმეებისთვის

25.10.2018

25 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ქალაქ გაზახში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გაზახის, აღსტაფას, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მეწარმეებმა ერთმანეთს საკუთარი პროდუქცია გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს.

გაზახის საცალო ვაჭრობის ქსელები დაინტერესდნენ გარდაბანში მოქმედი ტკბილეულის საწარმოს პროდუქციით; აზერბაიჯანელები ქართული თაფლისა და ყველის წარმოების ტექნოლოგიას გაეცნენ და გამოფენაზე წარმოდგენილიპროდუქციაც შეიძინეს.

გამოფენის შემდეგ მონაწილეებისთვის ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრა მოეწყო სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და რესურსების გონივრული მართვის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა