მარკირებული ბილიკები და გარე განათებები: სიდამ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა

01.08.2018

დასრულდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების გაძლიერება", რომლის   ერთ-ერთი კომპონენტი „მცირე სათემო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიახლოვეს“ სიდამ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში იმერეთისა და კახეთის რეგიონში, ექვს ადგილას, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. კერძოდ:

•იმერეთის რეგიონში ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მარკირებული იქნა ჯამში 135 კილომეტრი ტურისტული ბილიკი. ბილიკებზე განთავსდა საინფორმაციო და მანიშნებელი დაფები, საღებავით მოინიშნა  135 კილომეტრის სიგრძის ბილიკი;

•იმერეთის რეგიონში, სოფელ მარელისში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მისასვლელ 3,4 კილომეტრის სიგრძის გზაზე მიეწყო  გარე განათება, გზის გასწვრივ დაიდგა ნაგვის ბუნკერები, მოეწყო მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკის სატენი მოწყობილობა და დაიდგა ინტერნეტის მოდემი;

•კახეთში, პანკისის ხეობის ოთხ სოფელში (დუისი, ჯოყოლო, ბირკიანი, ძიბახევი) მოეწყო ცენტრალური გზის 7,2 კილომეტრიანი მონაკვეთის გარე განათება, დაიდგა 44 ცალი ნაგვის ბუნკერი და განთავსდა 6 ტურისტული მანიშნებელი.

აღნიშნული პროექტების სრულად განხორციელება შესაძლებელი გახდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით.
პროექტის ,,საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების გაძლიერება" ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.



კატეგორია: ადგილობრივი განვითარება