კულტურული და აგრო ტური ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის

15.10.2018

პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და  აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, 12-13 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით მოეწყო კულტურული და აგrო ტური კახეთში. ტურის მიზანი იყო საქართველოსა (კახეთი, ქვემო ქართლი) და აზერბაიჯანის (გაზახი, განჯა) მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ახალგაზრდა მეწარმეების, სამოქალაქო სექტორისა და თვითმმართველობების  წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება სოციალური და კულტურული ინტერაქციის გზით.

ტურის მონაწილე ორი ქვეყნის დელეგაცია ესტუმრა კახეთში და ქვემო ქართლში მდებარე ადგილობრივ საწარმოებს, შეხვდნენ მეწარმეებს და გაეცნენ მათ საქმიანობას.

მონაწილეები კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ და იქ მდებარე ხილ-ბოსტნეულის საწარმო მოინახულეს. მენეჯერმა სტუმრებს საწარმოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც აჟამად ათასამდე სტუდენტი სხვადასხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლება.

სტუმრებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი ყვარელში მდებარე ,,ღვინის ეზო #1“ აღმოჩნდა, რომელიც დუღაშვილების ოჯახმა ერთი წლის წინ გახსნა და ტურისტებში მალევე მოიპოვა ცნობადობა. ღვინის ეზოში აზერბაჯანული დელეგაცია გაეცნო ღვინის დაწურვისა და დაყენების ტექნიკას, დააგემოვნა კახური ტრადიციული სასმელი და მასპინძლებთან ერთად ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა. „თბილისში საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობდით, მაგრამ  კახეთში დაბრუნების შემდეგ, უფრო აქტიური ცხოვრება გამოგვივიდა. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ ტურისტების და სტუმრების ნაკადმა გვაჩვენა, რომ ეს საქმე ნამდვილად ჩვენია და გარისკვად ღირდა. ვნახეთ, რომ ჩვენმა საქმიანობამ სოფელიც გამოაცოცხლა და ცხოვრებაც უფრო დინამიური გახადა. კახეთი ნამდვილად გაძლევს იმის შესაძლებლობებს, რომ შენი იდეები და ოცნებები სისრულეში მოიყვანო. ჩვენი პატარა საოჯახო ღვინის მარანიც ამის დიდი მაგალითია",-ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი.

ტური ქვემო ქართლში მდებარე საწარმოს მონახულებით დასრულდა, სადაც სხვადასხვა სახის ტკბილეული მათ შორის ჩურჩხელა, შოკოლადი, არომატული ჩაი მზდდება. საწარმოს დამფუძნებლის მაია ჯაჯანაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში საწარმო გამოუშვებს საკუთარ ღვინოს „შავ ალმასს,” რომელიც საქართველოში პირველი არომათერაპიული ღვინო იქნება.

საქართველოს შემდეგ, კულტურული და აგრო ტური ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანშიც გაიმართება, სადაც ქართველი მეწარმეებიც არიან მიწვეულნი.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და  აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს ,,სიდა" და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა