საფონდო ბირჟა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და IFC გენდერულ თანასწორობის და პანდემიის სირთულეების მხარდასაჭერად

11.03.2021

საქართველოს საფონდო ბირჟა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქს შეუერთდნენ და თბილისში უმასპინძლეს ღონისძიებას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის". ინიციატივა ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება და წელს მიზნად ისახავს მკაფიოდ წარმოაჩინოს კავშირი გენდერულ თანასწორობას, მდგრადობასა და COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში ინკლუზიურ ზრდას შორის.

გლობალური კვლევების თანახმად, ქალის პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ეკონომიკური რესურსია, პანდემია კი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას. მსოფლიო კვლევების თანახმად, გლობალურ დონეზე, პანდემიის შედეგად ქალებში სამუშაო ადგილების დაკარგვის მაჩვენებელი დაახლოებით 1.8-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს მამაკაცებში.

მაკინზის გლობალური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ თუნდაც პატარა ნაბიჯებს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია, როგორიცაა მაგალითად 2025 წლისთვის გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 12 ტრილიონი დოლარით გაზრდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოში შრომის ბაზარში ჩართულობის სტატისტიკური მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში მამაკაცებისთვის შეადგენდა დაახლოებით 62-67%, ხოლო ქალებისთვის 42-46%, რაც შრომის ბაზარზე გენდერული თვალსაზრისით არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიუთითებს. ხელფასის საკითხში გენდერული განსხვავებები კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები მამაკაცთა საშუალო ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს იღებენ.

საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსურმა დირექტორმა ნინო ქურდიანმა განაცხადა: „საქართველოს საფონდო ბირჟის მიზანია, ხელი შეუწყოს თანაბარი პირობების შექმნას ყველა მოთამაშისთვის და არ დაუშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია, გენდერული დისკრიმინაციის ჩათვლით. ქალთა ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალთა გაძლიერებისათვის, არამედ კომპანიების მდგრადი ზრდისა და, მთლიანობაში, ეკონომიკის განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს მესიჯი კომპანიებს მკაფიოდ უნდა მივაწოდოთ.“

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის სალომე ზურაბიშვილის თქმით: „ახლა, როგორც არასდროს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში საბაზრო ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მიღებული ქალთა გაძლიერების პრინციპები არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორს, რათა დაეხმაროს ქალებს სამუშაო ადგილებზე, ბაზარზე და საზოგადოებაში. ”

IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში თეა გიგიბერიამ განაცხადა: „ქვეყნები, რომლებიც ამცირებენ სამუშაო ადგილებზე ქალების წინაშე არსებულ ბარიერებს, ეკონომიკურ ზრდას უწყობენ ხელს. ორგანიზაციები, რომლებიც ვერ ახერხებენ გენდერული ხასიათის ხარვეზების გამოსწორებას, ჩამორჩენის რისკის წინაშე დგანან. რამდენადაც პანდემიის შედეგები ქალებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, გენდერული თანასწორობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეკონომიკისთვის ახლა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.“

ღონისძიებას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მხარს უჭერს შვედეთის მთავრობა და IFC-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკონსულტაციო პროგრამა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან SECO- სთან პარტნიორობით ხორციელდება.

ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ წელს მსოფლიოში მეშვიდედ ტარდება და მისი თანაორგანიზატორები არიან IFC, საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია, საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივა (SSE), გაეროს გლობალური შეთანხმება,, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ორგანიზაცია „ქალებისაბირჟოსაინვესტიციოფონდებში“ (Women in ETF)“.

ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ამ მიმართულებით კერძო სექტორის შესაძლებლობების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების მიღწევას შეუწყობს ხელს.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა