კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა

22.09.2018

საქართველოს მასშტაბით, 17-22 სექტემბერს, საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო კვირეული გაიმართა. რეგიონული კამპანიის -  "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" მიზანი იყო  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე.  კამპანია ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით.

კამპანიამ მოიცვა საქართველოს 10 რეგიონი: კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა.

რეგიონებში კამპანიას უძღვებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე სპეციალურად გადამზადდნენ.  მათ ტრენინგები ჩაატარეს მძღოლებისთვის და სამუშაო შეხვედრები გამართეს საკითხით დაინტერესებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კამპანიაში სულ 15-მდე რეგიონული ორგანიზაცია ჩაერთო. მათ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანი როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში, ნასვამობა საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის დაუდევარი/უყურადღებო/გადაღლილი მართვა, ღვედების და სამგზავრო საბავშვო სავარძლების მნიშვნელობა მგზავრობისას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.

კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომზადებული სპეციალური ბროშურებიც გავრცელდა.

რეგიონული კამპანია, 22 სექტემბერს,  თბილისში შეუერთდება ღონისძიებას „დღე ავტომობილის გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავდა  გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.  კვირეულის ორგანიზატორებმა საზოგადოებასა და  ბიზნეს კომპანიებს  კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდეს, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გამოიხატება.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტმა.

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება